ჰიბრიდი | რუსუდან მაისაშვილი

24 ოქტომბრიდან გალერეა ვანდა უმასპინძლებს რუსუდან მაისაშვილის პერსონალურ გამოფენას ჰიბრიდი.
რუსუდან მაისაშვილი არის ახალგაზრდა თაობის მხატვართა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, რომელმაც თამამად შეაბიჯა ქართულ არტ სცენაზე და უკვე დამკვიდრდა, როგორც ძალზედ საინტერესო, თვითმყოფადი და მოაზროვნე ხელოვანი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ნამუშევრები, რომლებიც ერთი კონცეფციით არიან გაერთიანებული. რუსუდან მაისაშვილის თანამედროვე, ძალზედ მეტყველი და ორიგინალური მხატვრული ენა აღძრავს ღრმა ემოციებს და გვიბიძგებს დაფიქრებისკენ.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების სერია ეხება სხეულისა და ცნობიერების ურთიერთობას, სოციალურ და კულტურულ სტერეოტიპებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ინდივიდის ფორმირებაზე. სხეული არ არის მხოლოდ ფიზიკური ყოფიერების საზომი, არც პირადი ეროტიზმის ან ნატურალისტური ექსპოზიციის ობიექტი. ისინი წარმოადგენენ ღია კონფლიქტს ძალაუფლებასა და დაუცველობას, მორჩილებასა და თავისუფლებას შორის.
გამოფენა გაიხსნება 24 ოქტომბერს, 18:00 საათზე და გაგრძელდება 10 ნოემბრამდე.

Scroll to Top