MenuClose

გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ პაპუნა პაპასქირის პერსონალურ გამოფენას „ნადირობა თეთრ სივრცეში“.

პაპუნა პაპასქირი დაიბადა და გაიზარდა სოხუმში. აფხაზეთის ომის შემდეგ, 1993 წელს ოჯახთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად, 1994 წელს კი თბილისის სამხატვრო აკადემიაში ჩაირიცხა.
აკადემიის დამთავრების შემდეგ პაპუნამ მონაწილეობა მიიღო მრავალ გამოფენაში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. პაპუნა პაპასქირი თავისი თაობის მხატვართა ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

წლების განმავლობაში მისი მხატვრობა თანდათან ცვლილებებს განიცდიდა და საბოლოოდ მის შემოქმედებაში ფერს წამყვანი როლი მიენიჭა.
პროექტი “ნადირობა თეთრ სივრცეში” ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა და მოიცავს 25 ფერწერულ ნამუშევარს, რომელთაც ერთი რამ აერთიანებთ: „აქ (შე)მოქმედი მხოლოდ ფერია, თეთრ სივრცეში მონადირე. აქ ყველაფერია, ან არაფერი“ – პაპუნა პაპასქირი

გამოფენის გახსნა: კვირა, 10 ივლისი, 19:00 სთ
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, თბილისი, 0105
ტელ: +995 0322934286; +995 598485958

“არ ვიცი, როდის დავიწყე ხატვა.
არც ის ვიცი, რატომ დავიწყე.
იყო სოხუმი.
სოხუმში ომი იყო.
არ ვიცი რას შევადარო ხატვა.
წყურვილს?
შიმშილს?
პასუხისმგებლობას?
მოთხოვნილებას?
ჩემს გარშემო ყველაფერი იცვლებოდა.
და მერე იყო ფერი…
ფერი დარჩა.
იყო ტკივილი…
ჰო, გამახსენდა.
გამახსენდა, რატომ დავიწყე ხატვა.
თეთრ სივრცეში ვიდექი.
ვიდექი მარტო, ეული და ფერთან მონადირე.” – პაპუნა პაპასქირი

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required