MenuClose

27 ოქტომბერს 19:00 საათზე, გალერეაში “ვანდა” გაიხსნება პოლონელი არტისტის მაკა ჩელესკას პერსონალური გამოფენა.

მაკა სწავლობდა ვარშავის სამხატვრო აკადემიის გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე. წლების მანძილზე ის მუშაობდა გრაფიკულ დიზაინერად ჰოლანდიასა და კანადაში.

2005 წელს მაკა და მისი მეუღლე, დიპლომატი გიომ სემენსკი პირველად ესტუმრნენ თბილისს, სადაც მათ თითქმის ხუთი წელიწადი გაატარეს.

საქართველოში ყოფნისას, მაკა ჩელესკა მოიხიბლა გობელენის ქსოვის ხელოვნებით და მისი პედეგოგის, არაჩვეულებრივი მხატვრის, მაია წინამძღვრიშვილის ხელმძღვანელობით დაეუფლა მისთვის ხელოვნების სრულიად ახალ ჟანრს . პირველი შეხება გობელენთან შემდგომში მის მთავარ გატაცებად იქცა.

2009 წელს მაკა და მისი მეუღლე ჰაიტიზე გაემგზავრნენ , სადაც გიომ სემენსკი გაერომ სამშვიდობო მისიით მიავლინა. ეს მივლინება საბედისწერო აღმოჩნდა და მალევე, 2012 წლის იანვარში გიომი დაიღუპა ჰაიტის საშინელი მიწისძვრის დროს, რომელმაც შეძრა მსოფლიო.

ამ ტრაგედიის შემდეგ, მაკამ გადაწყვიტა მშობლიურ პოლონეთში დაბრუნებულიყო. სწორედ საყვარელმა საქმემ, გობელენების ქსოვამ, გადაატანინა მას ცხოვრების უმძიმესი პერიოდი.

მაკა ჩელესკას არასდროს გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან, წლების მანძილზე ის რეგულარულად სტუმრობდა თბილისს, სადაც მას ბევრი მეგობარი ელოდა.

ეს გამოფენა არის დაბრუნება საწყისთან, ანუ მხატვარი უბრუნებს თბილისს იმას, რაც მას თბილისმა ასწავლა.

გამოფენაზე არაჩვეულებრივი გემოვნებით და ოსტატობით შექმნილ გობელენებთან ერთად წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ჰაიტის მიწისძვრის ამსახველი მასშტაბური დრამატული ფერწერული ნამუშევრები.

მაკა ჩელესკა თვლის, რომ ბუნების სილამაზემ, ხელოვნებამ და მისმა ქართველმა მეგობრებმა გადაალახინეს მას მძიმე წლები და განკურნეს ტრავმისაგან.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required