გალერეა “ვანდა” (ყოფილი “ჰობი”) – ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეა საქართველოში, რომელიც თბილისის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში მდებარეობს. გალერეა დაფუძნდა 1993 წელს ვანდა და ალექსანდრე მუჯირების მიერ.
- სამუშაო საათები
ყოველ დღე: 12:00 – 19:00
- მისამართი
დანიელ ჭონქაძის ქუჩა 14, 0105, თბილისი, საქართველო



გახსნის დღიდან გალერეის მისიას თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად „ვანდა“ უკვე წლებია მონაწილეობს ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორებიცაა ArtExpo New York, ნიუ იორკი, Art Basel Miami, ფლორიდა, Deco-In, ბერლინი, გერმანია, Ankara Art Fair, თურქეთი, Art Manezh მოსკოვი, Art Kiev უკრაინა, საერთაშორისო არტ ფესტივალი ბოსტონში, თბილისის არტ ფესტივალი TAF, Cultural Village Foundation -Katara და ა.შ. 1997 წელს გალერეამ პირველად წარადგინა თანამედროვე ქართული მხატვრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში (აშშ).
გალერეა “ვანდა” 100-ზე მეტ მხატვართან მუშაობს, რომელთაგან ბევრს ექსკლუზიურადაც წარადგენს, ასევე აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ავტორებთან და გალერეებთან, მონაწილეობს მასშტაბურ პროექტებში.



საქვეყნოდ ცნობილი ავტორების გარდა, გალერეა მუშაობს ახალგაზრდა მხატვრებთან, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან, ეძებს ახალ ტალანტებს და მათ მომავალ განვითარებას უწყობს ხელს. უკვე 15 წელია ამ მიზანს ემსახურება გალერეის მიერ დაფუძნებული, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბავშვთა ნამუშევრების კონკურსი “ოქროს პალიტრა”, რომელშიც ყოველწლიურად 200-ზე მეტი, არა მხოლოდ თბილისელი, არამედ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვი მონაწილეობს.
პერსონალური და ჯგუფური გამოფენების გარდა, გალერეა “ვანდა” ატარებს საქველმოქმედო გამოფენებსა და აუქციონებს, ასევე აქვს კერძო და კორპორატიული კოლექციების ფორმირების დიდი გამოცდილება. მსოფლიო არტ სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენების მონიტორინგის მეშვეობით ის ამომწურავ საკონსულტაციო მომსახურებას უზრუნველყოფს კოლექციონერებსა და დაინტერესებულ პირთათვის.
