გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ გამორჩეული ქართველი მხატვრის – ალექს ბერდიშევის გამოფენას მონოლოგი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილია ბოლო პერიოდში შექმნილი 30-მდე ნამუშევარი.
გახსნა: 2024 წლის 22 ნოემბერი, 19:00
ალექს ბერდიშევი დაიბადა 1964 წელს, თბილისში, 1988 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია და 1990 წელს გაიარა სტაჟირება გლაზგოს ხელოვნების სკოლაში (შოტლანდია). მხატვარი აქტიურად მუშაობს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. მისმა გამოფენებმა დაამშვენა პრესტიჟული საგამოფენო სივრცეები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ბერდიშევის ხელოვნება აღიარებულია ფართო აუდიტორიის მიერ და იკავებს მნიშვნელოვან ადგილს კერძო და სამუზეუმო კოლექციებში მთელს მსოფლიოში.
ჩემი ხელოვნება მხოლოდ პესიმისტური თამაშია. მე ვქმნი სამყაროებს, სადაც იდენტიფიცირებადი და აბსტრაქტული ობიექტები თანაარსებობენ, ურთიერთქმედებენ ყოველგვარ ფიზიკურ თუ ლოგიკურ საზღვრებს მიღმა. — ალექს ბერდიშევი
ბერდიშევის შემოქმედება დეფორმირებული რეალობის, სუფთა აბსტრაქციისა და სურრეალიზმის დამაინტრიგებელი ნაზავია. მისი ნამუშევრები იკვლევენ ყოფიერების არსს, დაძაბულობას, რომელიც არსებობს ხილულსა და უხილავს შორის, ეჭვქვეშ აყენებენ ხილულის რეალობას. თავისი ხელოვნების საშუალებით ბერდიშევი იწვევს მაყურებელს დიალოგში აბსტრაქციასთან და ხელს უწყობს მოგზაურობას რეალობის საზღვრებს მიღმა.
ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თავად შემოქმედებითი პროცესია. ეს არის თამაში, რიტუალი, ცხოვრების წესი, ის მოიცავს ყველაფერს. — ა. ბ.
აბსტრაქტული სურეალიზმი არის ბერდიშევის მიზანმიმართული არჩევანი, რომელიც ასახავს ადამიანის ფსიქიკის სიღრმეებისა და მდგომარეობის სირთულეებისადმი მხატვრის ინტერესს.
ალექს ბერდიშევის სამყაროში ხელოვნება არის ხიდი მატერიალურსა და არამატერიალურ სამყაროებს შორის, სივრცე, სადაც სიურრეალიზმი არის არა გაქცევა, არამედ უფრო ღრმა ურთიერთქმედება რეალობასთან.
შთაგონებას ვიღებ ყოველდღიურობიდან, ოცნებებიდან, მოგზაურობიდან, წიგნებიდან და ა.შ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სურათი ან სიტყვა. ჩემი ფანტაზია ამატებს “დაკარგულ” დეტალებს და ქმნის მისაღებ გარემოს ყველა ფრაგმენტული და წინააღმდეგობრივი მასალისთვის. ჩემს მიერ შექმნილ სურათებს შეიძლება ჰქონდეთ თავიანთი ისტორიები, ყველას შეუძლია მათი ინტერპრეტირება. პირადი გამოცდილება და ფანტაზია ასეთ ინტერპრეტაციას ყოველ ჯერზე განსხვავებულსა და უნიკალურს ხდის. — ა. ბ.
გამოფენის ნახვა შესაძლებელია 2024 წლის 22 ნოემბრიდან 15 დეკემბრამდე.
გალერეა „ვანდა“ მუშაობს ყოველ დღე, 12:00-დან 19:00 საათამდე.