MenuClose

გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ თენგიზ მარის პერსონალურ გამოფენას.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში შესრულებული ნამუშევრები.

თენგიზ მარის მხატვრობას თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში გამორჩეული ადგილი უჭირავს. ის იზიარებს როგორც ჰიპერრეალიზმის სტილისტიკას, საგანთან ილუზორული მიახლოების პრინციპს, ისე ჰოლანდიური ნატურმორტებისთვის დამახასიათებელ საგანთა პოეტიკასა და ინტიმურობას. მარის კომპოზიციების რაციონალიზმი, მკაფიო, მათემატიკური წესრიგი და ხაზის გამომსახველობა მისი ხედვის თავისებურებისა და, გარკვეულწილად, არქიტექტურული გამოცდილების შედეგია. რაციონალიზმისა და პოეტურობის ეს სინთეზი ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ნივთებს საიდუმლოების ბურუსში ხვევს. ნეიტრალური ფონისა და გაფანტული შუქით ცხოველხატულად განათებული, განსაცვიფრებელი ოსტატობით შესრულებული სხვადასხვა საგნებისა და მცენარეების კომპოზიცია გაცილებით მეტი შინაარსის შემცველია, ვიდრე უბრალოდ ესთეტური ნატურმორტი.
მარის კომპოზიციების მხატვრულ მოტივებში ხშირად ვხვდებით ერთი შეხედვით კონცეპტუალურად თუ ფორმალურად შეუსაბამო ნივთებს. ესთეტური და ძლიერი ემოციური შთაბეჭდილების შემდეგ ეს გარკვეულ კითხვებს ბადებს მაყურებელში, რაც, ავტორის გააზრებული ქმედების შედეგად, განსხვავებულ ადამიანთა და შეხედულებათა თანაარსებობაზე დაგვაფიქრებს.

გახსნა: პარასკევი, 7 ოქტომბერი, 18:00 სთ.

მისამართი: გალერეა “ვანდა”, დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14, თბილისი

ტელ: +995599569971; +995598485958; +995 032 293428

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required