MenuClose
გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ რიტა ხაჩატურიანის გამოფენას ‘სერენგეტი’, რომელსაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2022 წლის 18 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე უმასპინძლებს.
რიტა ხაჩატურიანი მიეკუთვნება ქართველ მხატვართა ახალ თაობას. 2003 – 2007 წლებში თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებსა და პროექტებში. მისი სახელი უკვე რამდენიმე წელია ფართოდ გახდა ცნობილი როგორც საქართველოში, ისე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რიტას ნამუშევრები გამორჩეულ ადგილს იკავებს მრავალი ქვეყნის კერძო და სამუზეუმო კოლექციებში.
პროექტი სერენგეტი სრულიად ახალ ეტაპს ქმნის ავტორის შემოქმედებაში. გამოფენა, რომელიც გალერეა “ვანდას” კურაციით ეწყობა, მხატვრის თითქმის სამწლიანი შრომის შედეგია და აერთიანებს 37 ფერწერულ ნამუშევარს.
პროექტის კურატორები: ვანდა და ალექსანდრე მუჯირი
***
სერენგეტი
კონცეპცია
აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ტომის – მაას ენაზე „სერენგეტი“ უსასრულო ველს ნიშნავს, რომელიც მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ ტანზანიასა და სამხრეთ-დასავლეთ კენიაში; იგი მასპინძლობს ორ მილიონამდე ცხოველთა წლიურ მიგრაციას. ამ მოგზაურობისას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, 250 000-მდე ცხოველი იღუპება.
ამ ცხოველთა მსგავსად, ადამიანებსაც აქვთ თავისი „სერენგეტი“ – მიგრაციის ველი ნამატით და დანაკარგით. სიკვდილისა და სიცოცხლის ველი, რომელსაც ვსტუმრობთ გარკვეული ვადით და შემდეგ ვტოვებთ მას.
ამ ბუნებრივ, უწყვეტ პროცესს არსს სძენს დროის ის მონაკვეთი, რომელსაც გავდივართ ნიშნულიდან ნიშნულამდე და პირობითად ვუწოდებთ სიცოცხლეს.
ნამუშევრებში დიქოტომიურად ასახულია ბუნებისა და ადამიანის თანაარსებობისა და ბრძოლის სიუჟეტები, სადაც წარმოიქმნება გარკვეული დიალოგები და კონფლიქტები.
ნამუშევრებში ასახულია სიცოცხლის სხვადასხვა ფორმის არსებობის უპირატესობები თუ სისუსტეები, მათი თანაარსებობა და მონაწილეობა იმ პროცესებში, სადაც ადამიანური თუ ცხოველური შეგრძნებები გათანაბრებულია.
ნამუშევრებში ასახულია როგორც ეკოსისტემის რღვევა, ასევე მისი სტრუქტურული ხელშეუხებელი იერსახე, რესურსები, რომლის ხარჯზეც ვითარდება სიცოცხლე და ამ რესურსების გარკვეული ლიმიტი, ადამიანისა და ბუნების როგორც ჰარმონიული შერწყმის ასევე დესტრუქციული თანაარსებობის სიუჟეტი.
სერენგეტი – უსასრულო ველი, სადაც მასზე განხორციელებულ ნებისმიერი შინაარსის ქმედებას მოჰყვება საპასუხო უკუქმედება.
ნამუშევრების სერიაში გამოკვეთილია დედის ხაზი. დედა, როგორც უწყვეტი ევოლუციური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ფიგურა, როგორც ახალი სიცოცხლის კონტეინერი და ბუნების საიდუმლოს მედიატორი.
იტა ხაჩატურიანი
***
გახსნა: სამშაბათი, 18 ოქტომბერი, 17:00 – 20:00 სთ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა მუშაობს ყოველ დღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
გამოფენა გაგრძელდება 3 ნოემბრამდე.
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. #11, თბილისი
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ტელეფონის ნომერზე: +995599569971; +995598485958; +995032934286

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required