თიხა, ქაღალდი, მელანი | მირიან კიკნაძე და ოთარ შარაბიძე

გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ ოთარ შარაბიძისა და მირიან კიკნაძის ერთობლივ გამოფენას „თიხა, ქაღალდი, მელანი“.

გამოფენა არის მცდელობა ერთ სივრცეში გააერთიანოს სხვადასხვა დარგში მომუშავე ორი გამორჩეული ხელოვანის შემოქმედება. კერამიკული და გრაფიკული ნამუშევრების ერთ ექსპოზიციაში მოქცევა ხაზს უსვამს თითოეულის მნიშვნელობასა და განსაკუთრებულობას და მეტად საინტერესოს ხდის მას მნახველისთვის.

ოთარ შარაბიძის შემოქმედება გამორჩეული და უნიკალურია, მისი ნამუშევრები სკულპტურულია და ამავდროულად დეკორატიულ-გამოყენებით დანიშნულებას ინარჩუნებს. ის იყენებს სხვადასხვა მასალასა და ტექნიკას – შამოტს, ფაიფურს, წითელ თიხას, ჭიქურს, პიგმენტებს და ა.შ. ავტორი მუდმივ ძიებაშია და მასალასა და ტექნიკაში ექსპერიმენტირებს. ძირითადი მნიშვნელობა მის შემოქმედებაში უკავია ფორმას, ფერს და ფაქტურას, რომელსაც მხოლოდ ხელით ქმნის და არ იყენებს ჩარხსა თუ დაზგებს.

ექსპოზიციაში წარმოდგენილი მირიან კიკნაძის ნამუშევრები არის მხატვრის მრავალფეროვანი შემოქმედების მცირე, მაგრამ მნიშნელოვანი ნაწილი, რომელიც მის საყვარელ ქალაქ თბილისს ეძღვნება.
აკვარელითა და მელნით შესრულებული 40 პეიზაჟი გამოირჩევა დახვეწილი გემოვნებითა და ფილიგრანული ტექნიკით. ისინი შექმნილია ბოლო ერთი წლის მანძილზე და პირველად გამოიფინება გალერეა „ვანდას“ სივრცეში.

გახსნა: პარასკევი, 21 ივნისი, 19:00

Scroll to Top