გალერეა ვანდა წარმოგიდგენთ მარიამ შაქარაშვილის პერსონალურ გამოფენას ჰო ან არა.
მარიამ შაქარაშვილის გამოფენა ჰო ან არა აერთიანებს ახალგაზრდა მხატვრის მიერ ბოლო წლებში შექმნილ ფერწერულ ნამუშევრებს, რომლებშიც ნათლად იკვეთება ხელოვანის სწრაფვა აბსტრაგირებისკენ. ექსპოზიციაში წარმოდგენილია ნამუშევრები, რომლებიც სხვადასხვა თემატიკის მიუხედავად, ერთი კონცეფციის ფარგლებშია გაერთიანებული.
მარიამის შთაგონების წყაროა ასემიური დამწერლობა, მის ნამუშევრებში ტექსტი რთულად წასაკითხია და მნახველს ინტერპრეტაციის თავისუფლებას აძლევს. გამოსახულებებზე დატანილია მეხსიერებაში დალექილი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი უხსოვარი დროიდან ატარებს.
მის ტილოებზე ქართული ასოების, სიმბოლოებისა და ნიშნების რითმული სტრუქტურები ქმნიან ორიგინალურ გამოსახულებას, ვიზუალურ ენას, რომელიც მნახველში სხვადასხვა ემოციას აღძრავს და იწვევს მას დიალოგში. ავტორის მიერ მოცემული აბსტრაქტული მინიშნებები უსასრულო ინტერპრეტაციის საშუალებას გვაძლევს და საინტერესო წიგნივით იშლება ჩვენს თვალწინ.
გამოფენის სათაური — ჰო ან არა — ეხმიანება მარიამის ერთ-ერთ საკვანძო ნამუშევარს, რომელიც მან სახარებაში ამოკითხული სიტყვების შთაგონებით წლების წინ შექმნა. ჰო და არა მისთვის მნიშნელოვანი არჩევანის, თავისუფლებისა და სულიერი გამჭვირვალობის სიმბოლოებია.
ჰო ან არა – ყოფითი დილემაა, რომელიც ყველა ადამიანმა თავისებურად უნდა გადაწყვიტოს.
გამოფენის გახსნა: პარასკევი, 30 მაისი, 18:00