28 მარტიდან გალერეა ვანდა უმასპინძლებს ქრისტინე კაკაბაძის გამოფენას ფრაგმენტები. ექსპოზიციაში გაერთიანებულია მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ქრისტინე კაკაბაძის შემოქმედებითი ბიოგრაფია მოიცავს არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენას როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.
ფრაგმენტები – ეს არის რეალისტური ილუსტრაციები უმეტესად მშვიდი, იდილიური, მაგრამ უკვე დანაწევრებული ყოფისა. ის შეგვახსენებს, რომ ჩვენს სამყაროში ომი და სიძულვილია. ამ ნახატებში ყოველ დეტალს აქვს მნიშვნელობა. დეტალები უბრალო, ფაქიზი და მოუხელთებელია; ფონი – შეუსაბამო, გაურკვეველი, მდუმარე სივრცე.
“ეს მდუმარე სივრცე შიშების, წარმავლობის, დაუცველობის, ტკივილის ადგილია, მაგრამ მას მაინც უნდა გავუფრთხილდეთ. ასე ბავშვი უფრთხილდება სათუთი ხელებით ჭიქა ჩაის, რომ არ დაეღვაროს. ჩემთვის ეს გამოფენა სევდის, უიმედობის, ყოფიერების მსუბუქი მხატვრული ფორმების ძიებაა.”
– ქრისტინე კაკაბაძე