MenuClose

5-დან 25 მაისამდე გალერეა „ვანდა“ უმასპინძლებს პაატა მერაბიშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას საქართველოში “De’ფორმაცია“.
პაატა მერაბიშვილი, მოქანდაკე და დიზაინერი, მიეკუთვნება ქართველ ხელოვანთა იმ თაობას, რომელმაც თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 90-იან წლებში.
სხვადასხვა გარემოებების გამო, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, პაატამ მოღვაწეობა გააგრძელა საქართველოს ფარგლებს გარეთ, სადაც მან მალევე მოიპოვა აღიარება.
პაატა მერაბიშვილი არა ერთი საერთაშორისო გამოფენისა და სიმპოზიუმის მონაწილეა, მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მნიშვნელოვან კოლექციებში.
მრავალი წლის შემდეგ მოქანდაკე დაბრუნდა საქართველოში და პირველად წარსდგება ჩვენი საზოგადოების წინაშე გამოფენით, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი 25-მდე გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი და 13 ქანდაკება.
პაატა მერაბიშვილის შემოქმედებაში ნათლად და ორიგინალურად ვლინდება ეროვნული ტრადიციებისა და სიახლის სინთეზი, და ეს ყოველი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული მოდერნისტული პლასტიკური ხელოვნების საუკეთესო მიღწევებთან. მსოფლიო მხატვრული კულტურის, მასალებისა და ტექნოლოგიების ღრმა ცოდნაზე დაყრდნობით, მოქანდაკე ქმნის მრავალფეროვან მხატვრულ სამყაროს. როგორც ტრადიციების მიმდევარი, ის თავის ნამუშევრებში ოსტატურად აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ მიმართულებას, რომელიც საფუძვლად უდევს მოქანდაკის საკუთარ შემოქმედებით მეთოდს.
მიუხედავად პაატა მერაბიშვილის ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი აბსტრაქტული სტილისა, მისი ქანდაკებები მაინც ფიგურატიული ხელოვნების კონტექსტში რჩება. ხელოვანის ნამუშევრები გამოირჩევა თამამი ფორმალური ექსპერიმენტებითა და პლასტიკური ექსპრესიულობის ინტენსიური ძიებით. ის იყენებს ფორმისა და სხეულის დეფორმაციას, როგორც მეთოდს, რომლის საშუალებითაც ქმნის ახალ, თანამედროვე და უნიკალურ მხატვრულ სახეებს. ამის მისაღწევად მოქანდაკე თამამად იყენებს ფერსაც – მოცულობების ნათელი, მონოქრომული, გაჯერებული ფერები მნახველს საშუალებას აძლევს შეიგრძნოს მათი პლასტიკური თვისებები, დინამიკა, გამომსახველობა და რითმი.
პაატა საკუთარ თავს უპირველეს ყოვლისა მოქანდაკედ მიიჩნევს თუმცა, ქანდაკების გარდა, ის ბევრ დროს უთმობს ფერწერას, გრაფიკასა და კოლაჟს. მისი ფერწერული ტილოები და კოლაჟები მეტად ემოციური, დინამიური და ჟღერადია და გაგრძელებას ჰპოვებენ სკულპტურებში.
პაატა მერაბიშვილისთვის, იყო მოქანდაკე ნიშნავს „სივრცეში ყველაფრის აღქმის შინაგან მდგომარეობას, როდესაც თვით აზრსაც გააჩნია მოცულობა და ფერი“.

გახსნა: პარასკევი, 5 მაისი, 18:00 სთ.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქ. #14, თბილისი
ტელ: 599569971; 598485958

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required