ვარიაციები | ირა ლავრინენკო

17 ნოემბერს 18:00 საათზე გალერეაში „ვანდა“ გაიხსნება ირა ლავრინენკოს გამოფენა “ვარიაციები”.

ქსოვილი, ფაქტურა, ფერი – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც წარმოადგენს ეს მასალა ირა ლავრინენკოსთვის, როგორც თვითგამოხატვის, თვითრეალიზაციის, მედიტაციის საშუალება.

მისი ნამუშევრები საოცრად დახვეწილი და ჟღერადია, ხელოვანი იყენებს ტექსტილის სრულ პოტენციალს და აქცევს მას არაჩვეულებრივ დეკორატიულ პანოებად, რომლებიც თავისი გამომსახველობით ფერწერას უტოლდება.

„ეს არის ის, რასაც დავუთმე ჩემთვის განკუთვნილი ცხოვრების ნახევარი. ის, რაც ამ ქვეყანაზე ჩემი არსებობის მცირე და მოკრძალებულ კვალად დარჩება.

ამბავი შეიძლება დაიწყოს ჩვეულებრივი პატარა ნაკუწით, რომელიც რატომღაც თვალში გხვდება, მოგვწონს და გვანდომებს ახალი ნამუშევრის შექმნას. ასე ხდება ხშირად…
მერე ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე – ეს განმეორებადი პროცესი გვიფერადებს არსებობას, გვამშვიდებს. მუშაობის თერაპიულ ეფექტთან ერთად ინტერიერსაც გვილამაზებს, კმაყოფილ მაყურებელსაც პოულობს, თან უკეთესისკენ გვიბიძგებს და ახალი იდეების გენერირებაში გვეხმარება.

ამ ექსპოზიციაში წარმოდგენილი ნამუშევრები დაწყებულია ერთი პატარა დეტალით, რომლის გარშემოც განვითარდა კომპოზიცია, ამბავი, ისტორია. არაფერი იყო წინასწარ განსაზღვული, იმპულსი ჩანაფიქრიდან არ წამოსულა, მასალამ თვითონ გასცა სიგნალი, რომელსაც გავყევი და ეს ნამუშევრები შემაქმნევინა.“

– ირა ლავრინენკო

Scroll to Top