MenuClose

გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ ედმონდ გაბრიელ კალანდაძის 100 წლის თავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას „ფიქრი ფერით“, რომელსაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა 2023 წლის 7 ივლისს 19:00 საათზე უმასპინძლებს.

პროექტის ორგანიზატორი: გალერეა „ვანდა“ და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, კურატორი ვანდა მუჯირი. გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის 5 აგვისტომდე. პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, მზადდება ედმონდ გაბრიელ კალანდაძის საიუბილეო კატალოგი, რომლის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან.

ედმონდ კალანდაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1950-იანი წლების ბოლოს, დათბობის პერიოდში, ქართული ხელოვნების ახალი ეტაპის შექმნაში.

ის მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო, თაობისა, რომელიც მზად იყო მოეხდინა გადატრიალება ქართული ფერწერაში. ედმონდ კალანდაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად ცხადი გახადა ყოფიერების გააზრების ახალი გზების ძიებისა და მხატვრულ-გამომსახველობითი ენის განახლების აუცილებლობა.

კალანდაძემ შეითვისა და თავისი მსოფლმხედველობის პრიზმაში გაატარა კლასიკური და თანამედროვე ფერწერის მთავარი მიღწევები და შექმნა საკუთარი უნიკალური სტილი, განსაკუთრებული სამყარო, რომელიც, პირველ რიგში, ფერთან ასოცირდება. ფერი იყო მისი სამეტყველო ენა, ძიება და გამოსახვა გარკვეული ემოციებისა.

ედმონდ კალანდაძის მზერა თითქოს განსაკუთრებულ კრისტალში გარდატყდებოდა. მისი საშუალებით რეალობას ისე ხედავდა, როგორც არავინ სხვა და ეს ხედვა დღესაც გვნუსხავს. ნამუშევრების კოლორიტი და ფერის გამომსახველობითი ძალა და ექსპრესიულობა არის მისი ტილოების მთავარი საფუძველი, გამოხატავს მის იდეებსა და გრძნობებს, აღძრავს მნახველში ძლიერ ემოციებს და საშუალებას აძლევს სამყარო ახლებურად დაინახოს.

ედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავია თავისი მრავალფეროვნებით, მას შექმნილი აქვს ათასობით ნახატი, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი.

კალანდაძის ჟღერადი და ნათელი ხელოვნება არის სიყვარულის ჰიმნი საკუთარი სამშობლოსადმი, ერთ-ერთი ბრწყინვალე გვერდი საქართველოს ხელოვნების ისტორიაში.

გამოფენა „ფიქრი ფერით“ ეძღვნება ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს და წარმოადგენს მისი შემოქმედების რეტროსპექტივას. ვფიქრობთ, რომ ექსპოზიცია, სადაც წამოდგენილი იქნება მის ცნობილ ტილოებთან ერთად ის ნამუშევრები, რომლებსაც პირველად იხილავს ფართო საზოგადოება, შექმნის საუკეთესო შესაძლებლობას ედმონდ კალანდაძის ხელოვნების თაყვანისმცემლებისა და ახალგაზრდებისთვის ეზიარონ ამ გამორჩეული ფერმწერის უნიკალურ ხელოვნებას.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required