შაბათს, 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე გალერეაში ვანდა გაიხსნება გიორგი გაწერელიას პერსონალური გამოფენა „სიჩუმის ხმები“.
ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 20 ნამუშევარი.
“კითხვებზე პასუხებს სიტყვებში ნაკლებად ვეძებ, ისინი უფრო ხშირად გამოსახულებად, სივრცედ, სინათლედ და ჩრდილად იქცევიან.
სიჩუმის ხმები შინაგანი ძიების ვიზუალური მოგზაურობაა.
გამოფენაში წარმოდგენილი საქართველოს პეიზაჟები, სოფელი, ცა, ზღვა, ადამიანები და ცხოველები ჩემთვის მხოლოდ გარემოს ან კონკრეტული მომენტის აღბეჭდვა არ არის, ისინი არსებობის სხვადასხვა მდგომარეობას ატარებენ – ხან სიმშვიდეს, ხან მოლოდინს, ხან მარტოობას, სევდას, ხან კი სიცოცხლის უხილავ მოძრაობას.
ფერისგან გათავისუფლებული სამყარო თითქოს უფრო ახლოს მიდის არსებითთან -სინათლესთან და სიბნელესთან, ფორმასთან და სივრცესთან, კვალთან და მეხსიერებასთან. აქ სიჩუმე სიცარიელე არ არის, ის სივრცეა, სადაც ყველა ხილული მოვლენა ან ყველაზე მცირე დეტალიც კი შეიძლება ხმად იქცეს – ქარის მოძრაობა, ზღვის ჰორიზონტი, ცხოველის მზერა, ადამიანი, ცარიელი სივრცე, სოფლის სახლი ან ცა, რომელიც თითქოს უსასრულოდ გრძელდება. ეს ის სივრცეა, სადაც ბუნების, ადამიანის და დროის უხილავი ხმები ისმის.
სწორედ ამ უხილავი ხმების მოსმენას ვცდილობ. მინდა, ჩემი შინაგანი მდგომარეობა ნამუშევრებში გადავიტანო; მინდა, თითოეულმა ნამუშევარმა მაყურებელში მისი საკუთარი განცდა, მოგონება ან კითხვა გააღვიძოს.
შესაძლოა, სწორედ აქ იბადება „სიჩუმის ხმები“ – იქ, სადაც სიტყვები მთავრდება და გამოსახულება იწყებს საუბარს.
დანარჩენზე თავად ნამუშევრებმა ისაუბრონ“
– გიორგი გაწერელია

