MenuClose

პარასკევს, 23 ივნისს, 18:00 საათზე გალერეაში ვანდა გაიხსნება გამორჩეული მხატვრის, ალიმ რიჟინაშვილის გამოფენა “სერიოზული საუბარი”

ალიმ რიჟინაშვილი, საქართველოში კარგად ცნობილი თვითმყოფადი მხატვარი-გრაფიკოსი, 1990 წელს ემიგრაციაში წავიდა და დაფუძნდა გერმანიაში, ბერლინში, სადაც მალევე მოიპოვა აღიარება.

ალიმ რიჟინაშვილის შემოქმედებითი ბიოგრაფია ითვლის მრავალ პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენას გერმანიასა და მსოფლიოს არაერთ დედაქალაქში: ტოკიო, მოსკოვი, რომი, თელ ავივი, ბერნი, მადრიდი და, რა თქმა უნდა, თბილისი, რომელსაც ის არასოდეს ივიწყებდა. როგორც საქართველოში, ისე ემიგრაციაში გატარებული წლები ალიმისთვის ნაყოფიერი იყო, მან შექმნა უამრავი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევარი, ობიექტი, ინსტალაცია და კოლაჟი. მისი ხელოვნება ყოველთვის გამოირჩეოდა ნოვატორობით, სითამამითა და პროვოკაციულობით

გამოფენაზე “სერიოზული საუბარი” ქართველი დამთვალიერებლების წინაშე პირველად იქნება წარმოდგენილი ბერლინიდან ჩამოტანილი, მხატვრის მიერ სიცოცხლის ბოლო 10 წლის განმავლობაში შექმნილი ფერწერული ნამუშევრები.

ალიმის შემოქმედების ბოლო პერიოდში მის ნახატებში ჩნდება ფანტასტიკური არსებები, ცხოვრების აურზაურში, ფანტასმოგორიულ ქმედებებში, ერთმანეთში გადახლართული ადამიანებისა თუ ცხოველების ფიგურები. აქ ყველა ან ტკივილს აყენებს ერთმანეთს, ან სიხარულს ანიჭებს, ან იმედგაცრუება მოაქვს. მის ნამუშევრებში არც ერთი გამოსახულება არ არის ერთმნიშვნელოვანი, ისინი ასოციაციურია. განსაკუთრებით საინტერესოა მისი ტილოების ფერთა გამა, რომელიც ძირითადად მონოქრომულია, მაგრამ ამავდროულად თამამი და მოულოდნელი. ალიმი იყენებს მთელ მის მხატვრულ დიაპაზონს: დიზაინიდან, კოლაჟიდან, კონსტრუქციიდან, კალიგრაფიული გრაფიკიდან წმინდა აბსტრაქციამდე. ის ატარებს ექსპერიმენტებს სხვადასხვა ტექსტურებზე, ავლენს მასალების, ფერების, ფორმების ურთიერთქმედებას, იყენებს ტექნიკური საშუალებების თითქმის მთელ კომპლექტს: ფანქრიდან აკრილისა და წებოსკენ.
ალიმ რიჟინაშვილი გარდაიცვალა 2014 წელს ბერლინში.
ამ გამორჩეული ოსტატის ნამუშევრები მსოფლიოს პრესტიჟული მუზეუმებისა და კერძო კოლექციების ნაწილია.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required