რიტა ხაჩატურიანი – “ბატონები”

Poster_Rita Khachaturian

10 მაისს, 19:00 საათზე გალერეაში „ვანდა“ გაიხსნა რიტა ხაჩატურიანის გამოფენა „ბატონები“, სადაც წარმოდგენილია მისი ფერწერა და ქანდაკება.

„ბავშვობაში,  სოფლის  ტყეში სეირნობის დროს  წითელი ლენტებით მორთულ მაყვლის ბუჩქს გადავაწყდი, რომელზეც ტკბილეულით და სათამაშოებით სავსე სინი იდო. მაშინ გავიგე, რომ ის „ბატონების ხე“ იყო.

ხალხური წარმოდგენით  ,,ბატონები“ იყვნენ ზებუნებრივი არსებები ქართველთა უძველესი მითოსიდან,  ნაყოფიერების ღვთაება ნანას შვილები, არდაბადებულ ბავშვთა და უშვილო ოჯახთა სულები, თმაში წითელლენტჩაწნილი პატარა ზომის არსებები, რომლებიც სოფლად დაეხეტებოდნენ და იმ ოჯახში, სადაც დროებით ბინას დაიდებდნენ, სნეულებაც ჩნდებოდა.

ლეგენდის თანახმად, ბატონებს ძალიან მოსწონდათ,  როცა  უპირობოდ უსრულებდნენ  სურვილებს, უყვარდათ ტკბილეული, სიმღერა, ლხინი,  ფერადი ყვავილები და თუ მასპინძელი ოჯახი ამ ყველაფერს შეასრულებდა,  ბატონები კმაყოფილი ტოვებდნენ ოჯახს.

კიდევ ერთი ტრადიციის თანახმად, ,,ბატონების’’ მასპინძლებს აუცილებლად უნდა შეესრულებინათ რიტუალი ჭირვეული სტუმრებისათვის პატივის მისაგებად, ამიტომ  ოჯახი ფერადი ლენტებით რთავდა  „ბატონების ხეს“, ტაბლაზე აწყობდა ტკბილეულს, სათამაშოებს, ფანდურზე კი  საგალობელ „ბატონებოს“ უკრავდა, რომელსაც  სნეულიც ისმენდა.  რიტუალს  ,,ბატონების გადალოცვას’ ეძახდნენ. („ბატონებო“ წარმართული ხანის პოლიფონიური საგუნდო სიმღერაა).

გადმოცემით ვიცი, რომ ბავშვობაში მეც მქონია ,,ბატონები’’. ის რა თქმა უნდა ჩვეულებრივი  ინფექციური დაავადებაა და სრულიად დაცლილია ადრეული ზებუნებრივი კონტექსტისაგან, თუმცა ხალხს ამის დაჯერება დღემდე არ სურს, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგანაც ეპოქები ნამდვილად  ვერ ცვლიან  ადამიანის შიშს გარდაუვალი სიკვდილის წინაშე და მის მცდელობას  სამწუხარო ცხოვრებისეული მოვლენების გაზღაპრებისა. ,,ბატონების’’ ტრადიციაც ადამიანის  მხიარული თამაშია სიკვდილთან, შექმნილისა და შემქმნელის პაექრობის დაუსრულებელი მითი, სადაც მხოლოდ ერთი გაიმარჯვებს.

მე კი  ერთი წლის წინ ნანახმა ,,ბატონების ხემ’’ იგივე მორთულობით, ბავშვობის პირველ გაოცებასთან დამაბრუნა. გამაკვირვა ერთხელ დამკვიდრებული ადათ-წესების უცვლელობამ იმ დროის მანძილზე, რაც ბავშვობიდან დღემდე გავიდა“ – რიტა

გამოფენა „ბატონები“ რიტა ხაჩატურიანის მიერ დანახულ და შექმნილ მისტიურ და ზღაპრულ სამყაროში გვამოგზაურებს.

გამოფენა 30 მაისამდე გასტანს.