MenuClose

ლევან ჭოღოშვილი (დ. 1953) 1970-1976 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში.

1973 წლიდან, ფაქტობრივად, არაოფიციალური მხატვარი ხდება. ეს ის დროა, როდესაც ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ქმნიან საერთო ინტერესებით გაერთიანებულ ჯგუფებს, რომლებშიც ხელოვნების ისტორიკოსებიც შედიან. ასეთია ლევან ჭოღოშვილის, დიმიტრი თუმანიშვილისა და გიორგი მარჯანიშვილის ჯგუფი.

სხვა არაოფიციალურ მხატვრებთან ერთად ჭოღოშვილიც 1976 წლიდან მონაწილეობს არაოფიციალურ გამოფენებში: ვალერიან სიდამონ-ერისთავის დის ბინაში (1976), თეატრალური საზოგადოების (ე. წ. სტელას) დარბაზში (1977-1978 ), საბურთალოს სამედიცინო კლინიკის საგამოფენო სივრცესა (1979) და ა. შ. მანამდე კი ყალიბდება ლევან ჭოღოშვილის კონტრპოზიცია – მხატვრულ-ინტელექტუალური, ისტორიულ-პოლიტიკური კონცეპტუალური დაპირისპირება საბჭოთა იდეოლოგიზირებულ გარემოსა და სახელოვნებო რეალობასთან.

მხატვარი ჯერ კიდევ 1972 წელს იწყებს ძალაუფლებისა და ეროტიზმის თემაზე თავისი სურათების პირველ სერიის -„ვენერა და მარ(ქ)სის“ შექმნას, რომელსაც 1993 წელს ასრულებს. 1978 წელს ის ქმნის ე. წ. ბინის ნამუშევარს ეფემერულობის კონცეპტით – ობიექტი, რომელიც დღეს არის, ხვალ გაქრება ან შეიცვლება. უფრო ადრე კი, 1973 წლიდან, იქმნება მისი ყველაზე ცნობილი სერია, ე. წ. ფერწერა-ფოტოებიდან, სურათები-ფოტოებიდან, სადაც ის უკვე მიზანმიმართულად იყენებს ანექსია-გასაბჭოებამდელ დოკუმენტებს-საოჯახო ფოტოსურათებს.

პარალელურად, 1975 წელს ქმნის „ზურაბ არაგვის ერისთავის მკვლელობის“ პირველ ვერსიას, რომლის ახალ ვერსიასაც მოგვიანებით, 1983 წელს, ასრულებს. ასე შემოდის ლევან ჭოღოშვილის შემოქმედებაში ისტორიული დრო და პერსონაჟი – XVII საუკუნის საქართველო, როცა მასთან დაკავშირებით ირანის, ოსმალეთისა და რუსეთის ინტერესები უპირისპირდებოდა ერთმანეთს და ამ რთულ დროს ქვეყნის ბედის გადაწყვეტაში თავისი როლი შეასრულა ზურაბ ერისთავმა – წინააღმდეგობრივმა ისტორიულმა პერსონაჟმა.

ამ საკვანძო ისტორიული მოვლენის არჩევამ, ფაქტობრივად, აჩვენა, თუ სამომავლოდ საით წავიდოდა ჭოღოშვილის შემოქმედება. სერია „განადგურებული არისტოკრატია“ (1973-1989) პოლისტილური, რადგან ერთ მთლიანობად აერთიანებს სხვადასხვა მხატვრულ მეთოდს: თბილისურს, ყაჯარულ პორტრეტს, არაბულს, სპარსულს, სომხური მინიატიურის, პოლონურ-სარმატულს, ადრეშოტლანდიურ პორტრეტს, მოდერნიზმის ენასა და ა. შ.

ადამიანები ამ სერიაში, ჩვეულებრივნი, მიწიერნი, როგორც დიმიტრი თუმანიშვილი წერს, „არადროითობაში“ არსებობენ და ამით ჭოღოშვილი თითქოს „დროს აუქმებს“. ეს ოდესღაც, 1985 წლამდე, საგამოფენო დარბაზებში ვერშეღწეული სურათები შორსაა ისტორიზმისგან. საინტერესოა, რომ მხატვარი მათ პირველწყაროდ ფოტოგრაფიას იყენებს. კვლავ დიმიტრი თუმანიშვილს დავესესხებით: „თუკი რამდენიმე საუკუნეა, შემომქმედთა უმრავლესობა თავის მოვალეობას სუბიექტურის გაობიექტურებაში ხედავს, ლევან ჭოღოშვილი ობიექტურის სუბიექტურად განცდის მიმდევარია“.

წყარო: https://art.gov.ge/

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required