კოტე ჯინჭარაძე “მექანიზმები”

2019 წლის 19 აპრილს გალერეამ “ვანდა” უმასპინძლა კოტე ჯინჭარაძის პერსონალურ გამოფენას “მექანიზმები”.

“კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანი იგონებდა და ქმნიდა მექანიზმებს, უმარტივესი ხის მექანიკური ნაკეთობებიდან თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებამდე. ნებისმიერი გამოგონება, როგორც ადამიანის ინტელექტუალური აზროვნების პროდუქტი, ემსახურებოდა განვითარებასა და პროგრესს.
საუკუნეების მანძილზე მთელ მსოფლიოში მრავალი ნიჭიერი ადამიანი მუშაობდა სხვადასხვა სფეროში სიახლეების შემოტანასა და მათ დანერგვაზე, მაგრამ საკუთარ ნოვატორულ იდეებს წარმატებით მხოლოდ ერთეულები ახორციელებდნენ.
ამ გამომგონებლების სახელები ყველასთვის ცნობილია და დღესაც ზუსტი მეცნიერებების განვითარება თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი გამომგონებლების მიღწევებს ეყრდნობა.
გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების მთავარი თემაა სხვადასხვა დროის და ეპოქის გამოგონებები, რომლებმაც ძირეულად შეცვალეს ადამიანის და საზოგადოების ცხოვრება.
მნიშვნელოვანი გამოგონებები პირველყოფილი ადამიანის ცეცხლის ასანთები ნაკეთობიდან თანამედროვე ურთულეს მექანიზმებამდე მინიმალისტური გამომსახველობითი საშუალებებით შესრულებულ ფერწერულ და გრაფიკულ ნახატებში მოგვაგონებს ნაცნობ თუ უცნობ დანადგარებს, აპარატებს, ხელსაწყოებს, ნივთებსა და საგნებს.
მხატვრის მიერ ამ ფორმით შემოთავაზებული რეტროსპექტივა კიდევ ერთხელ გაგვახსენებს მათ შემქმნელებს და ავტორებს, ხოლო მნახველებს მისცემს ფიქრის, ანალიზისა და განსჯის საშუალებას. “