კახი ერაძე – ობიექტები

Kakhi Eradze Poster

გალერეა “ვანდა” გიწვევთ კახი ერაძის პერსონალურ გამოფენაზე “ობიექტები”
გამოფენაზე შეგეძლებათ მეტალისა და ხისგან დამზადებული ორმოცდაათამდე ქანდაკება იხილოთ.
რკინის ბადე ერთგვარი თანამედროვე ორნამენტია ტრანსფორმირებული დროსა და სივრცეში. გამჭირვალე ქანდაკებები, ობიექტები, რაც წარმოდგენილი იქნება ექსპოზიციაზე, ადამიანში სივრცის შეგრძნებას აღვიძებს, ასოცირდება პარალელურ, მეტაფიზიკურ სამყაროსთან.

ავტორის ნამუშევარი კონკრეტულ, ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, ის თითქოს სუნთქავს და ამავდროულად მნახველს ინტერპრეტაციის საშუალებასაც უტოვებს.”კომუნიკაციური ტელეპათია” კახი ერაძის ინსპირაციაცაა და კონცეფციაც.
იდეა გულისხმობს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე, რაც ზოგჯერ თავად სიტყვებზე მეტად მნიშვნელოვანია. კედელსა და სკულპტურას შორის, ისევე, როგორც რეალურსა და ირეალურს შორის, თითქოს რაღაც მეტაფიზიკური ხაზია გავლებული. არსებობს სამყარო ქმედებისა და ქცევის მიღმა, რომელიც გვიბიძგებს ადამიანის ბუნების შესახებ კითხვა დავსვათ. იმ სამყაროში, რომელშიც პირველყოფილება შენარჩუნებულია, კომუნიცირება სიტყვების გარეშეცაა შესაძლებელი. ეს უნარი ადამიანს ატროფირებული აქვს. უნარი, რომელიც ესოდენ ორგანულია ბუნებისთვის, სადაც მედიუმების გამოყენება არ წარმოადგენს აუცილებლობას, არაა საჭირო სიტყვები, რთული წინადადებები თუ ფილოსოფიური იდეების გაცვლა, სხეული ინსტინქტურად იღებს და აგზავნის იმპულსებს, შიფრავს და იგებს მათ ყოველგვარი ადამიანური სიმბოლოების გარეშე.


გამოფენა იხსნება პარასკევს, 16 ოქტომბერს, 17:00 – 21:00 სთ.

ჯანმრთელობის უსაფრთხოების რეგულაციების თანახმად, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვიზიტორები დარბაზში დაიშვებიან ეტაპობრივად, პირბადის გამოყენებითა და სოციალური დისტანციის დაცვით.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვა რეკომენდაციები სრულად დაცული იქნება გალერეის მიერ.