ირინა ქურთიშილი “TB Confidential”

irina-kurtishvili-tb-confidential

სამშაბათს, 22 ოქტომბერს 19:00 საათზე გალერეა „ვანდა“ წარმოგიდგენთ ირინა ქურთიშვილის პერსონალურ გამოფენას TB CONFIDENTIAL

გამოფენა მოიცავს ბოლო 3 ათწლეულის განმავლობაში ქალაქ თბილისის თემაზე შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებენ – გრაფიკას, ილუსტრაციას, კოლაჟს, ფოტოგრაფიას – და აქ შეკრების და დაჯგუფების პროცესში გვევლინებიან. მათ შორისაა ირინას სცენოგრაფიული ესკიზები, ასვე ე.წ. «სტორიბორდები», ეს ნამუშევრები განიხილება როგორც ერთი მთლიანობა, თუმცა ისინი შექმნილია დროის განსხვავებულ მონაკვეთებში და განსხვავებულ ადგილებზე. აღსანიშნავია, რომ გამოფენა TB CONFIDENTIAL ეხმაურება ავტორის ბოლო წლების კურატორულ, ინტერდისციპლინარულ საგამოფენო პროექტებსაც, რომლებიც განხორციელებული იყო თბილისში, ფრანქფურტში, ბერლინში და ვენაში.

მხატვარს ის პროცესი აინტერესებს, რასაც დროთა კავშირი ქვია და არა მისი ცალკეული ფრაგმენტები. მოქმედება მის ნამუშევრებში ერთდროულად ორ დროით პლასტში ვითარდება: წარსულსა და აწმყოში. წარმოდგენილია 1989 წელს შექმნილი გრაფიკული სერია, რომელსაც საფუძვლად უდევს იოსებ გრიშაშვილის ცნობილი ნაწარმოები «ძველი თბილისის ბოჰემა». მხატვარი გარკვეული იუმორით უდგება ძველი ქალაქის ისტორიას; მუშაობს ქალაქის თემებზე, იკვლევს თბილისური ცხოვრების წესებს და ტრადიციებს, აგროვებს ფოტო მასალას, რომელსაც შემდგომ ნამუშევრებში იყენებს. ერთ-ერთი თემაა 1980-იანი წლების თბილისის საერთო დესტრუქციული მდგომარეობა და თბილისის სამოქალაქო ომი. ამ სერიებში გამოყენებულია ორიგინალი ფოტომასალა;

ირინა ქურთიშვილი 1994 წლიდან ცხოვრობს და მოღვაწეობს როგორც ხელოვანი, კურატორი და სცენოგრაფი გერმანიასა და საქართველოში. მისი ავტორობით განხორციელდა არაერთი კინორეტროსპექტივა და გამოფენა, მათ შორის არქიტექტურული ფორმატის პროექტები. ეს პროექტები გამოირჩევიან მხატვრული, ისტორიული, პოლიტიკური და სოციოლოგიური პერსპექტივების ნიშნით. დაწვრილებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ გვერდზე:
www.irinakurtishvili.com

გამოფენა 3 ნოემბრამდე გასტანს