გალერეის შესახებ

Vanda Art Gallery

გალერეა “ვანდა” (ყოფილი გალერეა “ჰობი”) – ერთ-ერთი პირველი კერძო გალერეა საქართველოში, განთავსებულია თბილისის ისტორიულ უბანში – სოლოლაკში. იგი დაფუძნდა 1993 წელს ვანდა და ალექსანდრე მუჯირების მიერ.

გახსნის დღიდან გალერეის მისიას წარმოადგენს თანამედროვე ქართული ხელოვნების პოპულარიზაცია და პროპაგანდა. ამ მიზნის მისაღწევად გალერეა უკვე წლებია იღებს მონაწილეობას ისეთ საერთაშორისო ფესტივალებში, როგორიცაა ArtExpo New York, ნიუ იორკი, Art Basel Miami, ფლორიდა, Deco-In, ბერლინი, გერმანია, Ankara Art Fair, თურქეთი, Art Manezh მოსკოვი, Art Kiev უკრაინა, საერთაშორისო არტ ფესტივალი ბოსტონში და ა. შ.

1997 წელს გალერეამ წარადგინა თანამედროვე ქართული მხატვრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდში, ვაშინგტონში, აშშ.

გალერეა “ვანდა” მუშაობს 100-ზე მეტ მხატვართან, რომელთაგან ბევრს ის ექსკლუზიურად წარადგენს. გალერეა აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ავტორებთან და გალერეებთან, მონაწილეობს მასშტაბურ პროექტებში.

საქვეყნოდ ცნობილი, პოპულარული ავტორების გარდა, გალერეა მუშაობს ახალგაზრდა მხატვრებთან, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან, ეძებს ახალ ტალანტებს და უწყობს ხელს მათ მომავალ განვითარებაში.

ამ მიზანს უკვე 14 წელია ემსახურება გალერეის მიერ დაფუძნებული, ქვეყანაში ერთერთი ყველაზე მასშტაბური ბავშვთა ნამუშევრების კონკურსი “ოქროს პალიტრა”.

მასში ყოველწლიურად 200-ზე მეტი, არა მხოლოდ თბილისელი, არამედ სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ბავშვი იღებს მონაწილეობას.

პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებთან ერთად, გალერეა “ვანდა” ატარებს საქველმოქმედო გამოფენებსა და აუქციონებს, ასევე აქვს კერძო და კორპორატიული კოლექციების ფორმირების დიდი გამოცდილება. მსოფლიო არტ სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენების მონიტორინგის მეშვეობით ის უზრუნველყოფს ამომწურავ საკონსულტაციო მომსახურებას კოლექციონერებსა და დაინტერესებულ პირთათვის.