MenuClose

თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას თან სდევს უამრავი გამოსახულება. რეალურად, გამოსახულება უფრო მეტია ჩვენს გარშემო, ვიდრე რეალობა. საბჭოთა დროს დაბადებული ადანიანისთვის ეს გამოსახულებები ხშირად უარყოფით კონტექსტს ატარებს. თავს გახვევია ბელადების პორტრეტები, აგიტაციის პლაკატები, იდეოლოგიური ლოზუნგები და სხვა…

სერია “გადაწერა” დაიწყო, ალბათ, 80-იანი წლების ბოლოს, როცა ქაღალდის უქონლობის გამო დავიწყე უკვე არსებული გამოსახულებების  წაშლა და ზედ ახალი გამოსახულების დახატვა. ამოცანა იყო არსებული გამოსახულების გაქრობა, გადაწერა.

ამას მოყვა 90-იანების დასაწყისში ლენინის პორტრეტების გადაყრა, რომელთაც ვაგროვებდი და უკვე მიზანმიმართულად ვახდენდი მათზე ახალი, ჩემთვის საინტერესო გამოსახულებების დატანას.

შემდგომ, ამ წაშლის შედეგმა და კომპოზიციის მორგებაზე იძულებამ შეცვალა თემებიც და კომპოზიციებიც. მერე მოვიდა გააზრება, რომ ეს სურათები რაღაცა ფორმით ასახავს ცვილებებს, რომლებიც ხდება სოციუმში, ცხოვრებაში, გარემოში და შეიძლება, კოსმოსშიც კი.

სერია დღემდე გრძელდება, ის სხვადასხვა ფორმატისაა, იმის მიხედვით თუ რა მასალას ვიყენებ გადაწერისთვის.

 გურამ წიბახაშვილი

 

ექსპოზიციაში შესულია გურამ წიბახაშვილის მიერ 1988-1992 წლებში შექმნილი ფერწერული ტილოები, კოლაჟები და ობიექტები. ნამუშევართა ეს სერია პირველად იფინება.

გურამ წიბახაშვილის მხატვრული სამყარო აერთიანებს მის პირად აღქმასა და დამოკიდებულებას საქართველოს განვლილი ისტორიის მიმართ და ასევე გამოხატავს მის პროტესტს საბჭოთა დროს დამკვიდრებული აზროვნებისა და მისი ბელადების „ხატების“ მიმართ.

გურამ წიბახაშვილი ქართული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი; 1990–1994 წლებში სწავლობდა ფოტოგრაფიის თეორიას.

როგორც გამორჩეულმა ხელოვანმა, წიბახაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ფოტოგრაფიის განვითარებაში საქართველოსა და კავკასიის რეგიონში.

ის იყო კულტურული განვითარების კავკასიური ცენტრის/მედია არტ ფერმის (2000) დამფუძნებლებს შორის, რომელიც იყო პირველი უმაღლესი სასწავლებელი ფოტოგრაფიაში კავკასიაში, თბილისის ფოტოგრაფის სახლი (2007) და პირველი „ფოტო ჟურნალი“ კავკასიაში (2007 წ.). ).

გურამ წიბახაშვილი არის მრავალი პერსონალური და ჯგუფური გამოფენის მონაწილე. მისი ნამუშევრები დაცულია ბრუკლინის ხელოვნების მუზეუმში, მოსკოვისა და თესალონიკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმებში; ასევე კერძო კოლექციებში გერმანიაში, აშშ-ში, ამსტერდამსა და თბილისში.

სხვა გამოფენები

შეძენის ფორმა

* ყველა ველი შესავსებად სავალდებულოა! / Fields Are Required