გალერეა “ვანდა” წარმოგიდგენთ ანტონ ბალანჩივაძის პერსონალურ გამოფენას “მე.უდაბნო”

ANTON-BALANCHIVADZE-#ME.DESERT

2 ივლისს, 19:00 საათზე გალერეაში „ვანდა“ გაიხსნა ანტონ ბალანჩივაძის გამოფენა „მე.უდაბნო“, სადაც წარმოდგენილია 100-მდე მისი ფერწერული მინიატურა.


ადამიანის ფიზიკური მოგზაურობა ხშირად მისი შინაგანი მოგზაურობის ამსახველიცაა. ფიზიკურ ლანდშაფტებს მიღმა ინდივიდის სულიერი მდგომარეობაც ნათლად იკითხება. უდაბნო ის ადგილია, სადაც ადამიანის პერსონალური მე, პიროვნული პრობლემები და მარტოობა ყველაზე მძაფრი და ყოვლისმომცველია. მცენარეების სიმწირე, მონოტონური პეიზაჟები, ძლიერი სიცხე, მდუმარება და ფიქრისათვის დარჩენილი განუსაზღვრელი დრო – ადამიანს ხისტ, სულიერ ლანდშაფტში შინაგანი წარმოდგენების, მოგონებების აქტიური ცხოვრების გაცოცხლებისაკენ უბიძგებს, შედეგად ის ინტენსიურად უღრმავდება თავის შეხედულებებს სამყაროზე, ადამიანებზე, საკუთარ თავზე…  თვალწინ ნელ-ნელა, უფრო მეტი მრავალფეროვნებით ეშლებიან ვიზუალური ხატები, როგორც ერთგვარი ბუნდოვანი გახსენება. უდაბნოში ადამიანი სრულიად ახლებურად ხედავს და აფასებს იმას, რაც წარსულ ცხოვრებაში უკვე მოხდა და მძაფრად აღიბეჭდა მის წარმოდგენებში, ასევე იმასაც, რაც მომავალში უკვე სახეცვლილი, ხელახლა უნდა იქნას ნაპოვნი… “უდაბნო” სწორედ ის ადგილია, სადაც ადამიანი ფიქრობს იმაზე, თუ რა სულიერი ბმა აკავშირებს პერსონალურად მას იმ ზოგადასაკაცობრიო სულიერ და ისტორიული მნიშვნელობის კულმინაციურ მომენტებთან, რომლებიც თითოეული ადამიანისათვის ერთი შეხედვით ასე ნაცნობი და ხელშესახებია. სად შეიძლება იქნას ნაპოვნი ის (-) გზა ამ უკიდეგანო “სივრცეებში”, რომელიც ზუსტად იქ და ზუსტად იმასთან მიდის, საითკენაც ადამიანი მთელი შეგნებული ცხოვრების მანძილზე მიისწრაფვის. სწორედ ამ დროს წარმოქმნილ გახსენებებში, წარმოდგენებში, სახე- ხატებში ერთგულ მეგზურად და ძირითად ლაითმოტივად რჩება ის ძვირფასი და მთავარი სურათები და მოგონებები, რომელიც გვეხმარება, მთავარ ღერძს არ გადავუხვიოთ.

ეს თითქოს დაბადებამდელი გახსენება, ამდენად ინტენსიური და  ძლიერი მომენტი, შუასაუკუკნეების ორ უდიდეს ძეგლში, რუსთველის “ვეფხისტყაოსანსა” და ვოლფრამ ფონ ეშენბახის “პარციფალშია” ნაჩვენები: უცხო მოყმის გამოჩენისას, მისი სამოსის და ქუდის შეფერილობაში, (რომელიც ვეფხის თეთრ ტყავზე შავი კოპლებით გამოიხატება), მეორე შემთხვევაში კი სამი წითელი წვეთის ვიზუალური და ფერწერული ხატით – თეთრ თოვლზე.

ამგვარად, დასავლეთში ასეთი შინაგანი წიაღსვლის ფერწერულ ხატად – სამი წითელი წვეთია თეთრზე, საქართველოში კი სამი შავი კოპლი.

ორივე გმირი იხსენებს იმას, ვინც ოდესღაც “დაკარგა” და ვისი სიახლოვეც იგრძნობა ყველაფერში, რაც ადამიანს უყვება თავის ნამდვილ დანიშნულებაზე, სულიერ სამშობლოზე, საკუთარ არსებაზე… მაშინ, როდესაც ის მიმართავს აქტიურ შინაგან ძალისხმევას ამ კუთხით.

ჩემთვის აქტუალური და საინტერესო ამ წითელი და შავი წერტილების სახეცვლაა სხვადასხვა ფორმასთან და ფერთან მიმართებაში. მაშინ, როდესაც ლანდშაფტები გარეგნულად იცვლებიან, მოქმედების კონკრეტული არე, ფონი, კომპოზიცია და სიუჟეტი –  სრულიად სხვადასხვაგვარად და ახლებურად ჟღერენ, სრულიად ახლებურ დატვირთვასა და ელფერს იძენენ.

ამჟამინდელი გამოფენა ეძღვნება განახლების უნარის მქონე მარად ახალგაზრდა ძალებს, ჩვენი ისტორიული განვითარების თითოეულ ეტაპზე სტუდენტებისა და კეთილი ნების მატარებელი ხალხის სახით გამოედინებიან და შინაგანი ხმის კარნახით შინაგანსავე უსამართლობას, სიყალბესა და ტყუილს ებრძვიან.

გამოფენა “მე.უდაბნო” 8 ივლისამდე გასტანს.